არჩევნები 2020

თალაკვაძე: 2024 წლამდე პროპორციული არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს

0 კომენტარი

"პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ ამის წარმოჩენა "ოპონენტებს სურთ". თალაკვაძის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართული ოცნების ინიციატივა იყო, თუმცა, ამას "სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა".

"როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას, ეს გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა, საქართველოს პარლამენტმა.

ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც მოსახლეობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცვლიდა და ირჩევდა ხელისუფლებას" - განაცხადა თალაკვაძემ და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები "ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება".

"ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ეს მინდა ცალსახად განვაცხადო.

შეგახსენებთ, ასევე, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი,  სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში.

ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს.

მე რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას" - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯგუფების და ოპოზოციური პარტიების ორგანიზებით თბილისში დაიწყო საპროტესტო აქციები ლოზუნგით - "ერთად ერთის წინააღმდეგ". ისინი ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში. ასევე, ცესკოს განახლებულ შემადგენლობას. ისინი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ, კვირას კი, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები