პროპორციული საარჩევნო სისტემა

48 NGO და აქტივისტი ევროპის სოციალისტურ პარტიას რეაგირებისკენ მოუწოდებს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

48 არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამოქალაქო აქტივისტმა ევროპის სოციალისტურ პარტიას (PES), რომლის პარტნიორიცაა ქართული ოცნება, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა. 

წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ ისინი ევროპის სოციალისტურ პარტიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ იმ სერიოზულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რის წინაშეც დღეს საქართველოში პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია დგას. 

"ქართული ოცნების ქმედებების შედეგად გრძელდება სახელმწიფოს მიტაცების პროცესი საქართველოს არაფორმალური მმართველისა და პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მიერ" - წერია განცხადებაში. 

PES-ისთვის გაგზავნილ მიმართვაში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები დეტალურად აღწერენ, თუ რა პირობებში ჩავარდა დაპირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. 

"ჩვენ ვიხილეთ დადგმული პროცესი, თითქოს მაჟორიტატი დეპუტატები, რომლებსაც საპარლამენტო ინიციატივაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი (36), "აჯანყდნენ" ცვლილებების წინააღმდეგ,"- წერია წერილში.

როგორც არასამთავრობო სექტორი წერს, სინამდვილეში ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ პროცესს თავიდანვე ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მართავდა, რომელიც "ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს მის პარტიაში". მესამე სექტორის განცხადებით, ქართული ოცნების ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯს პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადააქვს, რითიც ქვეყანაში საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. 

"მოვლენები დინამიურად ვითარდება, ხალხი ქუჩაში გამოდის, მმართველი პარტია უკვე დატოვა რამდენიმე წევრმა. თუ მმართველი პარტიის მხრიდან არ იქნება დაუყოვნებლივი, ადეკვატური რეაქცია, არსებობს კრიზისის გაღრმავებისა და უკონტროლო პროცესების განვითარების რისკი,"- წერია გავრცელებულ წერილში. 

როგორც მიმართვაში წერენ, წერილზე ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების ნებას აშკარად უპირისპირდება და პოლიტიკურ ასპარეზზე თანასწორობის პრინციპს აზიანებს. მათივე განცხადებით, ამგვარი ქმედებით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება, როგორც PES-ის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, ისე პოლიტიკური ქცევის ხუთივე ღირებულებას: "თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლიანობა და სოლიდარობა" (PES-ის ფუნდამენტური პროგრამა).

"საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო ქართველი ხალხის წუხილიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ევროპელი სოციალისტების პარტიას, როგორც ხალხთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომ პარტიას, უნდა ჰქონდეს რეაგირება მისი პარტნიორის ქმედებებზე, რომლებიც არღვევს მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპებს და მიზნად ისახავს ძალაუფლების შენარჩუნებას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ,"- წერია მიმართვაში. 

არასამთავრობო სექტორი პარტიას მოუწოდებს, თვალი ადევნონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სთხოვენ, რომ ნუ ექნებათ ილუზია და არ მოტყუვდნენ მმართველის პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ ეს შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება იყო. 

"სინამდვილეში, ეს არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელება, რომელსაც სურს გაახანგრძლივოს საკუთარი მმართველობა ფსევდოდემოკრატიული პროცესების საშუალებით," - წერია ღია წერილში.

მიმართვას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მწვანე ალტერნატივა; კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; საფარი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; ცენტრი ემპათია; მედიის განვითარების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს გაეროს ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; თანასწორობის მოძრაობა; დუშეთის განვითარების ფონდი; ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი; საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი-ხარაგაული; თავისუფლების ინსტიტუტი; სალომე ბარკერი; მარიამ ბაჯელიძე; გიორგი მჟავანაძე; ზუკა ბერძენიშვილი; შოთა დიღმელაშვილი; გიგა მაქარაშვილი; თათუშა არველაძე; მარიამ გეგუჩაძე; ნოდარ რუხაძე; სოფო კუჭავა; ლექსო მაჭავარიანი; ჯაბა ზარქუა; გიორგი ნონიაშვილი; ზაზა აბაშიძე; მარიამ დოლიძე; თამარ კურატიშვილი; გიორგი გაბრიაძე; ანა ჭარხალაშვილი; გეგი სალუქვაძე.

კომენტარები