პროპორციული სისტემა

პრემიერი გიორგი გახარია ქართული ოცნების ოფისში იმყოფება

საქართველოს პრემიერმინსიტრი გიორგი გახარია ქართული ოცნების ოფისში მივიდა. პრემიერის ოცნების ოფისში ვიზიტის შესახებ ტაბულას ინფორმაცია პრესსამსახურმა დაუდასტურა, თუმცა ამბობენ, რომ პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება და შეხვედრის თემა 2020 წლის ბიუჯეტია. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც. 

ცნობილია, რომ ქართული ოცნების ოფისში დღეს შეხვედრები მიმდინარეობს. დილით გაიმართა უმრავლესობის სხდომა. კამერებთან რამდენიმე წამით გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც. დღესვე შეხვედრაზე იყო მისული ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ასევე ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად დღეს ოცნების ოფისში მივიდნენ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები.

მას შემდეგ რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.

დღეს, 15 ნომებერს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა კონსერვატორების წევრებმა, ზვიად ძიძგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების ერთერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები