არჩევნები 2020

პრეზიდენტი პროპორციულის ჩაგდებაზე: სამწუხაროა, თუმცა, არ შეიძლება ესოდენ დრამატიზება

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

ქართული ოცნების მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, პრეზიდენტი პირველ განცხადებას აკეთებს. მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ მმართველმა გუნდმა ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა ბოლომდე ვერ თუ არ მიიყვანა, თუმცა, არ შეიძლება "ესოდენ დრამატიზებული რეაქცია". ის მიმართავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, "რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები" სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

"პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა.  ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.  

ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა  და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია.      

პოლიტიკური ვითარებიდან,  საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია  სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.

როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება  იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის  მცდელობისათვის. 

ამავე დროს, მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ)  იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია. 

თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას,  რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით. 

ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება.

მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამის გამო, ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვა 12-მა დეპუტატმა, ხოლო რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის და სამოქალაქო ჯგუფების საპროტესტო აქციები დაიწყო.

მომდევნო არჩევნებიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 24 ივნისს გასცა. დაპირებას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, რომელთა 3 მთავარი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება იყო. 

ქართულმა ოცნებამ თავად შეიმუშავა ცვლილებათა პროექტი, რომელიც 97 დეპუტატის ხელმოწერით წარუდგინა პარლამენტს. ჩატარდა საერთო სახალხო განხილვაც, თუმცა სესიის ფარგლებში განხილვის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოულოდნელად მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ცვლილებების ინიცირებას თავდაპირველ ეტაპზე მხარი დაუჭირა. 

ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას მასობრივ აქციებთან ერთად მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაც მოჰყვა, რომელიც საერთო მოთხოვნებზე - გარდამავალ მთავრობასა და ვადამდელ არჩევნებზე შეჯერდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები