პროპორციული საარჩევნო სისტემა

გახარია ქართული ოცნების შეხვედრაზე: მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტზე ვისაუბრეთ

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ქართული ოცნების ოფისში გაიმართა და რომელსაც მინისტრთა კაბინეტი და უმრავლესობის დეპუტატები ისწრებოდნენ, 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს. 

"რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს,"- თქვა გახარიამ.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს. სავარაუდოდ, ის ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. 

გახარია ამბობს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან. 

"ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხები გავეცით, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი და მიზეზი,"- თქვა პრემიერმინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან. 

შეკითხვაზე, რატომ არ შეასრულა მმართველმა გუნდმა პირობა და უკან წაიღო პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება, გახარია პასუხობს, ასეთი სისტემა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია.

"მე ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო,"- ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრის თქმით, ამ დანაპირებს ქართული ოცნება შეასრულებს, რაშიც იმას გულისხმობს, რომ 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო შესწორებების შედეგად, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. თუმცა, პირობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს დადო, ეხებოდა არა 2024 წლის არჩევნებს, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ნაცვლად შერეულისა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები