ქართული ოცნება

მაჭავარიანი: "ოცნების" ოფისში შეხვედრაზე ბიუჯეტის პროექტი რეგიონების დონემდეც კი განვიხილეთ

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ქართული ოცნების ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ბიუჯეტის პროექტი რეგიონების დონემდეც კი განიხილეს.

მაწავარიანი ამბობს, რომ მათ სურდათ, დეპუტატებთან "მაქსიმალური უკუკავშირი დაემყარებინათ და მეტი ინფორმაცია მიეღოთ, რაღა მოეხდინათ ყველაფრის ინკორპორირება".

"დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის ნაწილთან იყო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის წარდგენა პარლამენტში. მე წარვადგინე პირადად. ამ მოხსენების შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტარებს, რომ ინტენსიური დიალოგი გაგვეგრძელებინა. სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი საბოლოო ვარიანტამდე.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დეპუტატების მხრიდან ის კომენტარები, რაც მათ ჰქონდათ წარდგენის პროცესში, პარლამენტი. ვთხოვეთ, რომ ეს კომენტარები და მოსაზრებები უფრო დეტალურად განეხილათ. იყო დეტალური საუბარი, კონკრეტულ რეგიონებამდეც კი ჩავედით, კონკრეტულ პროექტრამდე. ჩვენ გვინდოდა, მაქსიმალური უკუკავშირი დაგვემყარებინა დეპუტატებთან, აგვეღო მეტი ინფორმაცია, რაღა მოგვეხდინა ამ ყველაფრის ინკორპორირება, ანუ ჩადება ბოლო ვერსიაში. ეს იყო ამ შეხვედრის ერთადერთი მიზანი", - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრა, რომელსაც პრემიერი გიორგი გახარია, ასევე ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა, ქართულ ოცნების ოფისში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.

ქართული ოცნების ოფისში მთელი შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ასევე, გაიმართა კონსულტაციები იმ დეპუტატებთან, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა დატოვეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩს, კარ ჰერცელსაც შეხვდა.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები