პროპორციული საარჩევნო სისტემა

მაჭავარიანი: მიუხედავად საარჩევნო სისტემისა, პენსიები უნდა რიგდებოდეს

საქართველოს მთავრობა

"ბიუჯეტამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, ფინანსთა მინისტრი სხვაზე რაზე უნდა ფიქრობდეს?", - ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს კითხვა შეუბრუნა ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მან, ისევე როგორც გიორგი გახარიამ თქვა, რომ შეხვედრაზე, რომელსაც მათთან ერთად ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა, 2020 წლის ბიუჯეტი განიხილეს. 

ჟურნალისტებმა მაჭავარიანს ჰკითხეს, დაიჯერებს თუა რა საზოგადოება იმას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონის ჩაგდების და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო შეხვედრაზე მხოლოდ ბიუჯეტზე იმსჯელეს. 

ფინანსთა მინისტრმა თქვა: 

"მე ერთი რამის მჯერა, მიუხედავად იმისა, თუ რა სისტემით ჩატარდება 2020 თუ 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს. ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის. პოლიტიკური პერიპეტიები იყო ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში და მომავალშიც იქნება ალბათ. თუმცა მთავარია, რომ სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქციები შეუფერხებლად შეასრულოს. 

მესმის, რომ სხვა მნიშვნელოვანი პროცესებია, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბიუჯეტამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, ფინანსთა მინისტრი სხვაზე რაზე უნდა ფიქრობდეს?". 

ქართული ოცნების ოფისში მთელი შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. 

ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ასევე, გაიმართა კონსულტაციები იმ დეპუტატებთან, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა დატოვეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩს, კარ ჰერცელსაც შეხვდა. 

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები