დავიბრუნოთ ქვეყანა

ხოშტარია ხელისუფლებაზე: რეალობის შეტრიალებას ცდილობენ ტყუილების საუბრით

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პროპორციული არჩევნები ისედაც ჩაწერილია კონსტიტუციაში 2024 წლისთვის. 

ხოშტარიას თქმით, გახარიამ ქართული ოცნების შიდა რეკორდი მოხსნა, რადგან მან პრაქტიკულად თქვა, რომ ქართულ ოცნებას არც კანონპროექტი ჩაუგდია და არც საზოგადოება მოუტყუებია.

"2024 წელს ხომ იქნებაო, ვითომ ამაზე იყო ლაპარაკი და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი უტიფრობაა, მაგრამ ეს სპეციალური ხაზია - შავზე თეთრის მტკიცებით რეალობის შეცვლის მცდელობა,"- თქვა ხოშტარიამ მთავარ არხთან საუბარში. 

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნების ლიდერები ისე იქცევიან, თითქოს ვერ ხედავდნენ იმას, რომ რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს, ადამიანები ღამეებს ათევენ და საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. 

"ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით დუღს რეალური მიზეზის გამო, რადგან ივანიშვილმა ხალხს არჩევნები წაართვა,"- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნების ხაზი უცვლელია, რადგან როგორც გავრილოვის ღამის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ მათ ანტისაოკუპაციო აქცია არ დაურბევიათ და საზოგადოება გადატრიალებას გადაარჩინეს, ისე ამტკიცებენ ახლაც. 

"რეალობის შეტრიალებას ცდილობენ ტყუილების საუბრით,"- ამბობს ელენ ხოშტარია. 

მისივე თქმით, ტყუილების საუბრით განსაკუთრებულად გამოირჩევა ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე. 

"ეს თავისი არსით კუთხეში მოქცეული, უკვე დასუსტებული, საფუძველგამოცლილი ხელისუფლების ტაქტიკაა, რომელიც ყანყალებს,"- თქვა ხოშტარიამ. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

მომდევნო არჩევნებიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 24 ივნისს გასცა. დაპირებას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, რომელთა 3 მთავარი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება იყო. 

ქართულმა ოცნებამ თავად შეიმუშავა ცვლილებათა პროექტი, რომელიც 97 დეპუტატის ხელმოწერით წარუდგინა პარლამენტს. ჩატარდა საერთო სახალხო განხილვაც, თუმცა სესიის ფარგლებში განხილვის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოულოდნელად მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ცვლილებების ინიცირებას თავდაპირველ ეტაპზე მხარი დაუჭირა. 

ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას მასობრივ აქციებთან ერთად მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაც მოჰყვა, რომელიც საერთო მოთხოვნებზე - გარდამავალ მთავრობასა და პროპორციული წესით ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებზე შეჯერდა. 

კომენტარები