პროპორციული საარჩევნო სისტემა

ოცნების ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს, აქტივისტები მივიდნენ

Facebook/ თამარ კაკაბაძე

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც 11:00 საათისთვის უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. 

მოქალაქეები უკანა შესასვლელიდან შესულ ქართული ოცნების დეპუტატებს "მონებოს" ძახილით აცილებენ. 

 

უმრაველობის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა, სადაც აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აუცილებლად მოიკრებს ძალას და მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას. 

უმრავლესობის ეს სხდომა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც 12-მა დეპუტატმა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონის ჩაგდების გამო უმრავლესობა დატოვა. 

14 ნოემბერს ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები