ვაჟა გაფრინდაშვილი

ომბუდსმენი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება.

ლომჯარია საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა არ დაიშუროს და ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი გამოიყენოს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაბამისი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.

"დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცული იყოს ჩვენი მოქალაქის უფლებები და მოხდეს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, იწვევს იქ დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ახალგორში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა იყო.

ნინო ლომჯარიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ფაქტი ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე მითითებს - "2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მსგავსი შემთხვევები, ამა თუ იმ მიზეზით წინა წლებშიც ფიქსირდებოდა".

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით არის გარანტირებული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით. მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები.

შეგახსენებთ, რომ რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 6 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებითაა დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები