ქართული ოცნების ოფისში პროტესტის ფონზე გამართული უმრავლესობის სხდომა დამთავრდა

ქართული ოცნების ოფისში დასრულდა უმრავლესობის სხდომა, რომელიც შენობის გარეთ დაძაბული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

ეს უმრავლესობის პირველი სხდომა იყო მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ შესწორების კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებიდან უმრავლესობიდან 12 წევრის გასვლა მოჰყვა. 

პარტიის ოფისთან გამართლ აქციაზე მომიტინგეები შენობაში შესულ დეპუტატებს "მონის" ძახილით აცილებდნენ და სურდათ, რომ გამოსულებსაც ამგვარი სკანდირებით დახვედრილიყვნენ, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა დიდი რაოდენობით სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

პოლიციელები მომიტინგეებს შენობის ირგვლივ გადაადგილებას უზღუდავდნენ. აქტივისტები ყვებიან, რომ პოლიციელები მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ. 

ტაბულას კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული ოცნების ოფისთან, მინიმუმ, ორი ადამიანია დაშავებული, რომელთაც სამედიცინო დახმარება ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია. 

ერთერთი დაშავებული ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორი თორნიკე თვაურია, რომელსაც ხელი დაუზიანდა. 

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, სამართალდამცველებმა საპარკინგე და ცენტრალური შესასვლელი გადაკეტეს და მათ შორის, ჟურნალისტებიც ვერ ახერხებდნენ ადგილზე მისვლას. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ყველა გადაცდომაზე იქნება რეაგირება. 

კომენტარები