ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს "საზღვრის კვეთის" ბრალდებას, ამბობს, რომ საქართველოშია

0 კომენტარი

საინფორმაციო პორტალის qartli.ge-ის ინოფრმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სამართალდამცველების მიერ წარდგენილ ბრალს "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ, არ აღიარებს. 

ამ ინფორმაციას სააგენტო ექიმ დავით ღვინიაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ პირებს შეხვდა. ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, 11 ნოემბერს დააკავეს და 14 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

საქართველოს მოქალაქეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული რეგიონის საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდნენ, ამის შესახებ კი ექიმ დავით ღვინიაშვილს უამბეს. 

ღვინიაშვილი ყვება, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებს შეხვდა. გათავისუფლებულებმა მას უთხრეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს "საზღვრის გადაკვეთა". 

"რაზეც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ,"- ყვება ღვინიაშვილი. 

qartli.ge-ისთან საუბარში იზოლატორიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს. 

რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებითაა დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები