პროპორციული საარჩევნო სისტემა

აკაკი ზოიძე პროპორციულის ჩაგდებაზე: ავიღე პაუზა გადასაფასებლად და დასაფიქრებლად

აიპრესი

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ გულდაწყვეტილია იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მისმა გუნდმა მიიღო, კერძოდ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებით. 

ზოიძის თქმით, მათ დრო სჭირდება იმისთვის, რომ ეს ამბავი გადააფასოს და დაფიქრდეს. 

დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს თავად მხარი დაუჭირა, მიღებულ შედეგზე თვითონაც გრძნობს პასუხისმგებლობას, რადგან ეს იყო პირობა, რომელიც მთელმა გუნდმა ერთობლივად დადო საზოგადოების წინაშე.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მან საკითხთან დაკავშირებით კოლეგების მოსაზრებები მოისმინა. 

"მოვისმინე ყველაფერი, ახლა მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად, დასაფიქრებლა ქვეყნის მომავალთან, გუნდის მომავალთან, ჩემს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, აი, ამ არგუმენტების და ამ სიტუაციის გააზრება, გარკვეული პაუზა მჭირდება ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ადამიანურად გამიგებთ,"- ამბობს აკაკი ზოიძე. 

კითხვაზე, შეიძლება, თუ არა, რომ 12 თანაგუნდელის მსგავსად, მანაც დატოვოს ქართული ოცნების უმრავლესობა და პარტია, ზოიძე პასუხობს, რომ არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც "დააზიანებს ქართული ოცნების ფასეულობებსა და ღირებულებებს" და ასევე იმ თანაგუნდელებს, რომლებიც "ამ ღირებულებების ერთგულები არიან". 

"ერთადერთი რაც დასკვნა გამოვიტანე ჩემს თავთან, ისაა, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, როგორც ჩანს, გულით - არა," - თქვა აკაკი ზოიძემ. 

14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ამ გადაწყვეტილებით უმრავლესობამ პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან 24 ივნისს, გავრილოვის ღამიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადაკეტილი რუსთაველის ფონზე დადო. 

კომენტარები