ე.წ გერმანული მოდელი

აბესაძე: სრული აბსურდია, რომ ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე "სრულ აბსურდს" უწოდებს ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, რომ თითქოს ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ე.წ გერმანული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. 

"მოქმედი კონსტიტუციით, გარდამავალი დებულებებით ახლა არჩევნების ჩატარების წესს და მანდატების ჩატარების წესს განსაზღვრავს კანონი. კონსტიტუციით დადგენილია მხოლოდ 3%-იანი ბარიერი," - ამბობს აბესაძე. 

დეპუტატი კონსტიტუციის მე-11 თავზე მიუთითებს, სადაც 2020 წლის არჩევნების ჩატარების წესი გარდამავალი დებულებებით არის მოწესრიგებული.

 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს. 

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან. 

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები