ვაჟა გაფრინდაშვილი

კობერიძე ცხინვალელ ექიმებს სთხოვს, ყველაფერი გააკეთონ გაფრინდაშვილის გასათვისუფლებლად

პირველი არხი

დეპუტატი ლევან კობერიძე ოკუპირებულ ცხინვალში მომუშავე ექიმებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გასათავისუფლებლად.

კობერიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მიმართავს მათ, როგორც ექიმი ექიმებს:

"მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი, რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მცხოვრები, თქვენივე ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, შვილები გადიან მკურნალობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიის კლინიკებში, როდესაც თქვენი დახმარება აღარ არის საკმარისი და ამას აკეთებენ სწორედ ისეთი ექიმები, როგორიცაა ვაჟა გაფრინდაშვილი . ის მიდიოდა პაციენტთან სწორედ იმ საექიმო ფიცის რწმენით, რომელიც არ გამოვრიცხავ ბევრ ჩვენგანს ერთადაც კი გვაქვს დადებული ჩვენს საერთო ალმა მატერში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. მოგმართავთ თხოვნით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს შესაძლებლობებშია, მოსთხოვეთ, ვისაც ჩათვლით საჭიროდ, რომ დროულად გათავისუფლდეს უკანონო ტყვეობიდან და დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საექიმო საქმიანობას თქვენივე კოლეგა, ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი, ვაჟა გაფრინდაშვილი!

იმედი მაქვს ეს ჩემი მოწოდება მიიქცევს თქვენს ყურადღებას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი! მადლობა წინასწარ!" - წერს კობერიძე ფეისბუქზე.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსულ საოკუპაციო ძალებმს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ".

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები