ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

ციხელაშვილი: იმედია, გაფრინდშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი

0 კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი ფოტო: შერიგების სამინისტრო

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რაღა თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები დაიცვას.

სამინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლს და ქალიშვილებს შეხვდა და მათ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით მუშაობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

ციხელაშვილმა არ გამორიცხა, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცების გადაწყვეტილებას იღებს, რეფერალური პროგრამისთვის ზიანის მიყენებას გეგმავს.

„ნებისმიერი უკანონო დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა. მათ შორის, ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, არც სხვა ექიმები, მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ძალიან შეშფოთებულები არიან, არ აპირებენ იმას, რომ თუნდაც ამის გამო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატონ.

არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი, ამდენი დღის განმავლობაში, უკანონოდაა დაკავებული“, - თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმირებულ იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო აქტორი. არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

ციხელაშვილისვე თქმით, გაფრინდშვილის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

„ჩვენ ოკუპაციის ფაქტს ვხედავთ, 2008 წლიდან მოყოლებული ამ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ცხადია, პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ეს ცალსახად უნდა ითქვას. ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს.

ზოგადად, მოსახლეობა იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, არაერთ პირს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, იზოლატორად იქცა. ამით, პირველ რიგში, ახალგორის მოსახლეობა ზარალდება. თუმცა, ასევე ზარალდება ოსი მოსახლეობაც, რომელიც დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობს", - თქვა ციხელაშვილმა.

____________________________________________

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსულ საოკუპაციო ძალებმს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ".

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები