ვაჟა გაფრინდაშვილი

კალაძე: წლებია გაფრინდაშვილის მადლიერი ვარ, ამიერიდან ორმაგად აღფრთოვანებული ვიქნები

თბილისის მერი, კახა კალაძის თქმით, წლებია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მადლიერია, მომხდარის შემდეგ კი მისით ორმაგად აღფრთოვანებული იქნება.

"ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში-კი გმირობა",-წერს კალაძე. 

კახა კალაძის ცნობით, ექიმ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა სტრუქტურა მუშაობს.

"დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე",-წერს კალაძე.  

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზონის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

კომენტარები