პროპორციული საარჩევნო სისტემა

რუსთაველზე "ძალა ერთობაშიას" კარავი დაიდგა

ტაბულა

რუსთაველზე "ძალა ერთობაშიას" კარავი დაიდგა.

გიორგი ვაშაძის თქმით, რუსთაველზე "გაერთიანებული ოპოზიციის" შტაბი გადმოვიდა. 

"მსგავსი კარავი ბევრი გაიშლება. სამუშაოდ იქნება, ღამე ხალხი დარჩება", - თქვა მან.

რუსთაველის გამზირზე კარვები მას შემდეგ გაიშალა, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

კანონპროექტს ხმა მხოლოდ 101-მა დეპუტატმა მისცა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამის გამო გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც ითხოვდნენ, თუმცა, ივანიშვილმა ის პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები