საპროტესტო აქცია პარლამენტთან

NDI: პროპორციულის დაპირების შესახებ ივლისში მოსახლეობის 68%-მა იცოდა, მათგან 85% მხარს უჭერდა

ტაბულა

17 ნოემბერს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტის მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

საინტერესოა, რამდენად ინფორმირებულია საქართველოს მოსახლეობა ხსენებული დაპირების შესახებ და რა მხარდაჭერით სარგებლობს პროპორციული არჩევნების იდეა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2019 წლის ივლისში ჩაატარა. კვლევა მთელს საქართველოს მოიცავდა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ჯერ კიდევ ივლისში, საქართველოს მოსახლეობის 68%-მა იცოდა ქართული ოცნების პირობის შესახებ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარდების თაობაზე.

მათგან, ვინც ეს იცოდა, 85%-ისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება მისაღები იყო.

2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა სახალხო პროტესტის ფონზე დადო. პროტესტი ზაფხულში საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. კრიზისი 20 ივნისის აქციის ძალადობრივმა დარბევამ გაამწვავა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის".

ზემოთ მოყვანილი კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-29 ივლისს ჩატარდა. გამოიკითხა 2131 რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარი +-17%-ია. NDI-ის დაკვეთით კვლევა CRRC-იმ ჩაატარა.

კომენტარები