საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ბოქლომებით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა

ევროპულმა საქართველომ პარლამენტში შესასვლელი ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა. 

"ეს გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ ხალხის მიერ დაილუქა შენობა, სადაც მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყუილად გონიათ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძე და ვიგინდარა უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ,. ასე არ მოხდება", - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. 

მან პოლიციელებსაც მიმართა, რომ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არ უნდა ემსახურებოდნენ ლეგიტიმაციადაკარგულ არაფორმალურ მმართველს. 

"ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს და თქვენც, მოტყუებულები ხართ, პირველ რიგში, თქვენ. იმიტომ რომ, როცა არჩევანს წაგართმევენ, მერე სახლშიც შემოგივარდებიან",- მიმართა უგულავამ პსამართალდამცველებს - "ჩვენ არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ იყოს თამაშის სამართლიანი წესები და ვისაც ხალხი აირჩევს, ის იყოს მთავრობაში. მაგრამ თუ უზურპატორს დაიცავთ, ეს თქვენს კისერზე იქნება. ეს კარგად უნდა გესმოდეთ. დღეს თქვენ იცავთ ლეგიტიმაცია აყრილ, ნამუსაყრილ არაფორმალურ მმართველს, რომელსაც არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ თქვენს ზურგს ამოეფაროს. ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ გადმოხვალთ ძალადობაზე - ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება, ასე წერია სახარებაში. ჯერჯერობით კანონი ასე მოქმედებს და ისტორიულადაც ისეა. 

​აქ ჩვენ არაფერი საქმე არ გვაქვს, ეს არის მკვდარი შენობა. შეგიძლიათ კობახიძის და თალაკვაძს კაბინეტებიც დაიკავოთ. სპეცრაზმსაც უთხარით, გაფართოვდეს, ძალიან ბევრი ადგილია. ჩვენ არც ერთ შენობაში საქმე არ გვექნება. 

მაგრამ, ისევ ვიმეორებ, ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს და ნუ იქნებით ამ ეშმაკის მსახურები". - თქვა მან.

გიგა ბოკერიას თქმით: 

"ამ ნაბიჯებისკენ მთელ ქვეყანას უბიძგა ბიძინა ივანიშვილმა. რომ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი გამოიხატება ამ ფორმით. რომ იმ ხალხს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, დაამცირა ქვეყანა და მუდმივად ივანიშვილის მონობაშია და ამ კაცს, რომელიც შინაურ ცხოველებზე უარესად ეპყრობა საკუთარ მოქალაქეებს, ყველაფერს უსწორებს, მათ საქმიანობას უნდა შევუქმნათ სერიოზული პრობლემები, სანამ გონს არ მოეგებიან. კანონდარღვევისკენ და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისკენ ნაბიჯებს დგამს ივანიშვილი და არა ქართველი ხალხი". 

პარალელურად პარლამენტთან საპროსტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

აქციის მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია, ე.წ. "გერმანული მოდელით". პროსტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

პარლამენტთან და პარლამენტის შენობაში, ასევე კანცელარასა და ქართული ოცნების ოფისთან, დილიდან მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები.

კომენტარები