საპროტესტო აქცია პარლამენტთან

კაკულია: ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, თუ არადა ხელისუფლება მოიქცევა, როგორც კანონშია

რომან კაკულია
მთავარი არხი

ქართული ოცნების წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებით თავად იჭრის გზას დიალოგისკენ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენობის ბლოკირება მართლაც მოხდება, დეპუტატის სახელმწიფო იმოქმედებს კანონით დადგენილილ წესით.

კაკულიამ კომენტარი ქართული ოცნების ოფისში გააკეთა, სადაც შემხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შენობაში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილიც.

"ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიფიქროთ, რომ გვინდა დიალოგი იმ მოთხოვნებზე, რაც მათ დააყენეს.

ახლა ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მათ მოთხოვნებთან მიმართებაში, მაგრამ როცა ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიმდის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს დიალოგი. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს დღეს იქ, ჩვენ საბოლოო ჯამში გვაქვს მაინც გამოსავალი, ვიპოვოთ ერთმანეთთან მიმავალი გზები. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს.

სანამ იქნება ბლოკირების თემა, ამის დაშვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ვინც ამას აკეთებს, ის, ერთი მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ არის თემები, რომელზეც უნდა შედგეს გარკვეული ტიპის დიალოგი და მეორე მხრივ, ჭრის ამ გზას. ამიტომ ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევში, ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია", - თქვა რომან კაკულიამ.

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია - დღეს, 17 ნოემბერს, ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა.

შემდეგ კი პარტიის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პარლამენტის შესასვლელთან კარვები გაშალეს. მათი თქმით, ისინი აქ მთელი ღამის და ხვალინდელი დღის განმავლობაში დარჩებიან, შემდეგ კი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ.

პარლამენტმა ხვალ, 18 ნოემბერს 12:00 საათზე რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დააანონსა, 15:00 საათზე კი - ბიუროს სხდომა.

პარალელურად პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

აქციის მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია, ე.წ. "გერმანული მოდელით". პროსტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

პარლამენტთან და პარლამენტის შენობაში, ასევე კანცელარასა და ქართული ოცნების ოფისთან, დილიდან მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები.

კომენტარები