პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა კარვები გაშალეს. ისინი აქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, დილით კი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას.
18 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტში რეგიონული განვითარების კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, 15:00 საათზე კი - ბიუროს სხდომა.
მათვე მიიტანეს კასრები, სადაც ცეცხლს დაანთებენ და ღამით სიცივეს ასე გაუმკლავდებიან.
პიკეტირება ევროპული საქართველოს წევრებმა დაიწყეს - მათ ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით ჩაკეტეს. თუმცა, პოლიციამ ჯაჭვი მალევე გაჭრა.
პარალელურად პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.
აქციის მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია, ე.წ. "გერმანული მოდელით". პროსტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
პარლამენტთან და პარლამენტის შენობაში, ასევე კანცელარასა და ქართული ოცნების ოფისთან, დილიდან მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები.