ირმა ინაშვილი

ინაშვილი სირაძეს: ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ითვლით აქციის მონაწილეების რაოდენობას?

პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა "კვირის თემაში" თქვა, რომ საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ გამოცხადებული აქციაზე მყოფთა რიცხვი სწორი არ არის და მას არითმეტიკა დაუწუნა:

"მე მგონი არ მიწყენს საპატრულო პოლიციის უფროსი, მაგრამ არ აწყენდა ჩაუღრმავდეს არითმეტიკას და გაცილებით კარგად შეისწავლოს ვიდრე ჩანს, რომ იცის. ჩვენს აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო ვიდრე 1 500, თუმცა ახლა ამ დათვლის დრო არ არის, მაინც მინდა ამ საკითხს მივაქციო ყურადღება. ეს თუ 1 500 ადამიანია, 1 500 რა არის ის გვითხრას. ამ ყველაფერს მიზანმიმართული ხასიათი აქვს, დაგვაკნინონ, გაგვაქრონ, რომ გამოხვიდეთ ქუჩაში 100 000 კაცი მაინც გეუბნებიან არა, თქვენ 10 000 იყავით. ამიტომ, ჩვენ მუდმივად სპორტის სასახლეში ვიკრიბებით, რომ ყველა სკამი იყოს დაკავებული და ვერავინ ვერ თქვას რომ ვიყავით 1 500. 13 000 ადგილია და სრულად ვავსებთ სპორტის სასახლეს ჩვენ მუდმივად. 4-ჯერ შევიკრიბეთ ზაფხულზე და ზაფხულში. თუ მაინცდამაინც დათვლა უნდა ხელისუფლებას, შევიკრიბებით ახლა სპორტის სასახლეში და დავიძვრებით პარლამენტისკენ და ვაჩვენებთ 1 500 ვართ თუ 15 000 თუ 150 000.

ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ითვლით აქციის მონაწილეების რაოდენობას? პარლამენტის თავმჯდომარეს რომ შევხვდები მოვუყვები სხვადასხვა გამგებლები როგორ ეხმარებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ დღეს. ესეც მათი კოჰაბიტაციის შედეგია."

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით რუსთაველის ტერიტორიაზე 5 500 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე, იქ, სადაც პატრიოტთა ალიანსი პარალელურად მართავდა აქციას - 1 500.

ბრიტანული საერთაშორისო გამოცემა Reuters კი წერს, რომ თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. გამოცემის მიხედვით საპროტესტო აქციაზე 20,000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

პარალელურად პარტია პატრიოტთა ალიანსი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია რესპუბლიკის მოედანზე გამართა.

კომენტარები