რუსეთი-უკრაინა

რუსეთი უკრაინას ერთი წლის წინ ქერჩის სრუტეში დაკავებულ სამ ხომალდს დღეს დაუბრუნებს

Reuters

რუსეთი უკრაინისათვის სამი დაკავებული ხომალდის დაბრუნებას დღეს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ყირიმის სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციის ოფიციალურ კიდევთან ხომალდების გადაცემის ადგილი უკვე შეთანხმებულია.

ოკუპირებულ ყირიმში მყოფმა Reuters-ის ჟურნალისტმა დაინახა როგორ გაჰყავდა სასაზღვრო დაცვის გემებს უკრაინული ხომალდები ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვისაკენ, სადაც, სავარაუდოდ მათი გადაცემა მოხდება.

უკრაინა ხომალდების გადაცემას რუსეთისაგან მომავალ თვეს აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე ოთხმხრივი მოლაპარაკებების წინ კეთილი ნების ნიშნად ითხოვდა.

ხომალდები და მათი ეკიპაჟი რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასული წლის ნოემბერში დააკავა და ისინი ტერიტორიული წყლების დარღვევაში დაადანაშაულა. ოფიციალური კიევი ბრალდებას უარყოფს.

დაკავებული მეზღვაურები პატიმრების გაცვლის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე წლის სექტემბერში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის, გერმანიის, ურკაინისა და რუსეთის ლიდერები პარიზში 9 დეკემბერს შეხვდებიან და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თუმცა კრემლში შეხვედრა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ და ამბობენ, რომ მსგავსი სამიტი მიმდინარე წელს შესაძლებელია, თუმცა თარიღზე არ შეთანხმებულან.

კომენტარები