ჰონგ-კონგის პოლიციამ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამაგრებული მომიტინგეები ალყაში მოაქცია და გზები გადაკეტა. ამ დროისათვის მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
თავის მხრივ აქციის მონაწილეები პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს და სხვადასხვა საგნებს, მათ შორის ისრებს ესვრიან. შედეგად ფეხში დაიჭრა ერთ-ერთი პოლიციელი. დაშავდა რამდენიმე მომიტინგეც.
პოლიცია მომიტინგეებს აფრთხილებს შეწყვიტონ ლეტალური იარაღის გამოყენება და წინააღმდეგ შემთხვევაში ცეცხლის გახსნით იმუქრებიან.
უნივერსიტეტის ალყა მეორე დღეა გრძელდება.
მანამდე მომიტინგეებმა ჰონგ კონგის ჩინური უნივერსიტეტის შენობაც აიღეს, თუმცა მისგან გასხვავებით პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში, მნიშვნელოვან გზებთან ახლოს მდებარეობს. გასული კვირების განმავლობაში მომიტნგეებმა ეს გზები არაერთხელ გადაკეტეს.
საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში მეექვსე თვეა გრძელდება. მთავრობის განცხადების მიხედვით აქციების გამო ორშაბათიდან სკოლები კვლავ დაიკეტება.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.