პროპორციული არჩევნები

არველაძე: ცოტა ხნით ალბათ შეწყდება საპარლამენტო მუშაობა, მერე მიხვდებიან - არ შეიძლება ასე

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატს რევაზ არველაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები "შეცდომაში არიან შეყვანილები". არველაძე ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მივიდა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს. არველაძემ თქვა, რომ არ მიაჩნია სწორად "იმ დეპუტატების საქციელი", ვინც არ მისცა ხმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს. ის ასევე ამბობს, რომ "თუ რამე დათმობა იქნება, მე როგორ ვიტყვი, რომ ამას ყველა მხარს დაუჭერს".

"დღეს მოვედი მე სამსახურში, ჩემი სამსახური არის აქ, სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და ისინი მინდოდა მენახა. არ მომცეს საშუალება. მე მიმაჩნია, რომ არ არის სწორი. მე არავის ვაგინებ, ყველას აქვს თავისი მოსაზრება, ვისაც რა მსაზრება აქვს, უნდა მისცე საშუალება იმისი, რომ გამოთქვას და დაიცვას თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ზურგში მუშტების რახარუხით" - ამბობს დეპუტატი.

რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ პარლამენტის პიკეტირების გამო, "გარკვეული პერიოდით შეწყდება ალბათ" საპარლამენტო საქმიანობა, თუმცა, "მერე ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ასე". მისივე თქმით, ნებისმიერ ცვლილებას, რომელსაც აქციის მონაწილეები ითხოვენ, საკანონმდებლო ნორმების მიღება სჭირდება.

დეპუტატის თქმით, "აქცია იმისთვის არის, რომ რაღაც შედეგი გამოიღოს", რაზეც ჟურნალისტებმა ჰკითხეს - "შეიძლება თუ არა, ეს შედეგი რიგგარეშე არჩევნები იყოს". ამაზე არველაძე პასუხობს - "არ ვიცი, რითი იქნება შედეგი, ვნახოთ".

"აქციებს ვინც მართავს, მაგათ ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ, არ არის ასე, ჰო" - ამბობს დეპუტატი.

ტაბულას კითხვაზე, რომ NDI-ის კვლევით გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რევაზ არველაძე პასუხობს - "NDI-ის კვლევები რაც არის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ".

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ, არ შეუშვან დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში. კომიტეტის სხდომა 12:00-ზეა დაგეგმილი. პარლამენტის შენობაში გუშინ დილიდან მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

კომენტარები