პროპორციული არჩევნები

კალაძე: "ოცნება" ჩაიწერება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მტკიცებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის რეალური ორგანიზატორია "ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით". პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, "ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა". მისი განცხადებითვე, ქართული ოცნება არ აპირებს საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული მოდელით, ოქტომბერში ჩატარდება.

"ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია.

მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც მაშინდელ საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ იმ პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც ახლა აქციაზე ვიხილეთ.

მოგვიანებით, 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი, რომელსაც 4 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

2017 წელს კი, სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა ქართულმა ოცნებამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განეხორციელებინა წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო.

ეს იყო ის მაქსიმუმი, ის რთული შიდაპარტიული კონსესუსი, რომლის მიღწევა, საკითხისადმი მაჟორიტარი დეპუტატების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, დიდი ძალისხმევის ფასად იქნა მიღწეული.

ამასთან, მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებელი ცვლილებისთვის, ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისთვის მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა.

შესაბამისად, სურთ ეს ოპონენტებს თუ არა, სწორედ “ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად" - ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია.

"2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით  ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე.

არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს.

ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად - უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე - რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა - ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას.

ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება.

ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე მოვლენებისადმი  ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიცია. საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი, რა თქმა უნდა, ყველასგან კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს.

არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას.

არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით.

ამიტომ, მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ" - განაცხადა კალაძემ ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები