ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

კანდელაკი: მივმართავ გახარიას, საერთაშორისო დონეზე წამოჭრას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

ევროპული საქართველოს დეპუტატი და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კანდელაკი მიმართავს პრემიერმინისტრ გახარიას, დააყენოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი საერთაშროსიო დონეზე.

"მას [გახარიას] გააჩნია ეს ფორმალური და ოფიციალური რანგი, იმისათვის, რომ მან უმაღლეს დონეზე წამოჭრას ჩვენი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი.

საოკუპაციო რეჟიმი იხევს უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი საკითხები დგება მწვავედ და ასეთი საკითხებს მწვავედ აყენებენ ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები მაღალ დონეზე." -  ამბობს კანდელაკი.

მისი თქმით, გაფრინდაშვილის გათავისუფლება სხვაგვარად გართულდება. მეორე მხრივ კი ამ წლის სექტემბერში გათავისუფლებული უკრაინელი მეზღავურების მაგალითზე ჩანს, რომ საერთაშორისო ზეწოლა შეიძლება აღმოჩნდეს შედეგის მომტანი:

"ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს ისეთ დონეზე, როგორ დონეზეც დგებოდა უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხი და სწორედ მაღალ დონეზე დაყენებამ გახადა შესაძლებელი უკრაინელი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოხსნა.

უნდა დაურეკოს გერმანიის კანცლერს, მაგალითად, ან ევროკომისიის პრეზიდენტს, ან წერილი მაინც უნდა მისწეროს. ამ დონეზე თუ არ წამოიჭრა საკითხი, ძალიან ძნელი იქნება ბატონი გაფრინდაშვილის გამოხსნა."

თამარ ხულორდავას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რასაც მისი მოადგილის გადადგომაც მოჰყვა, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი კანდელაკი ასრულებს.

კანდელაკი აცხადებს, რომ ამ ამპლუას გამოიყენებს საკითხის მაღალი რანგის უცხოელ თანამდებობის პირებთან წამოსაჭრელად:

"ამ ფორმალურ ამპლუას მე გამოვიყენებ პირველ რიგში იმისათვის, რომ ახლავე მივწერო კომიტეტის სახელით წერილები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ევროკავშირში, პირველ რიგში. მაგალითად, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და მსგავსი რანგის ოფიციალურ პირებს, იმისათვის, რომ მათ დააყენონ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი."

რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 9 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებითაა დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სამართალდამცველების მიერ წარდგენილ ბრალს "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ, არ აღიარებს. 

კომენტარები