აქციები პარლამენტთან

უგულავა შსს-ზე: ჩვენ ზღვარზე გავდივართ, მაგრამ ვრჩებით კონსტიტუციის ფარგლებში

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციების მონაწილეები კანონის ზღვარზე გადიან, თუმცა მის ფარგლებში რჩებიან.

უგულავა ასე ეხმაურება შსს-ს განცხადებას, სადაც უწყებამ აღნიშნა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებს გასცდნენ და ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ მისთვის უფრო სანდოა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომლის მიხედვით, პარლამენტის შენობის ბლოკირებას კანონმდებლობა კრძალავს, თუმცა რადგანაც წინააღმდეგობა არაძალადობრივია, პროტესტის ეს ფორმა ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს.

"სამარცხვინოა მათი განცხადება, ისევე, როგორც სამარცხვინოა მათი დავალებები, როცა უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ რიგით პოლიციელებს. რაც შეეხება სამართლებრივ ექსპერტიზას, გაცილებით უფრო სარწმუნოა ჩემთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა, ვიდრე ვაჟა სირაძის არითმეტიკა. ჩვენ კანონის ზღვარზე გავდივართ, მაგრამ ჩვენ ვიცავთ და ვრჩებით კონსტიტუციის ფარგლებში. თუ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს აბსოლუტურად სხვაა", - ამბობს უგულავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მეირ დასახელებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-9 მუხლი ამ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება. თუმცა, იქვე უგულავა დასძენს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა წერია კანონში, როცა ქართული ოცნების პირობებში კანონს და სიტყვას ფასი არ აქვს.

ის დარბევას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეები წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებენ.

"დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის. დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის. ჩვენ არ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას და ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ პუტინის მსგავსად მოქმედებს ივანიშვილი და სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება ივანიშვილის რეჟიმი პუტინის რეჟიმს", - აღნიშნა უგულავამ.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

17 ნოემბრიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

დღეს, 18 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად განცხადება გაავრცელა, შემდეგ კი უწყებაში ბრიფინგიც გაიმართა, სადაც ითქვა, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს და ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები