პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: ხალხი მოატყუა ნაც. მოძრაობამ, ისინი მხოლოდ პროვოკაციისკენ არიან მოწოდებულები

ქართული ოცნება

​ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოქალაქეები არა მმართველმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ოპოზიციამ მოატყუა, ვინაიდან, მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუციით, ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

"ერთი ადამიანიც კი რომ აპროტესტებდეს რამეს, საფუძვლიანად თუ არა საფუძვლიანად, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ახალგაზრდის იქნება თუ ნებისმიერი ადამიანის პროტესტი, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, პირადად ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამ ფონზე, როცა ისინი თავად საუბრობენ, რომ 20 000 ადამიანი უნდა შეკრებილიყო, მაგრამ 4 და 5 რომ შეიკრიბა, ამიტომ არ გვითმობენ რაღაცას, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

ჩვენ არ ვითვლით ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროტესტი და ვრეაგირებთ პროტესტზე შესაბამისად, მაგრამ ეს ადამიანები კვლავ მოატყუა ნაციონალურმა მოძრაობამ და მის გვერდით პოლიტიკურმა ძალებმა. მოთხოვნებიც კი ისეთი დააყენეს, რომ იქვე ჩანს, რომ ჩიხში შესვლის მცდელობას აქვს ადგილი მხოლოდ და არა დიალოგის შესაძლებლობას. როცა თავადვე იციან, რომ გერმანული მოდელი არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია არ იძლევა არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას, ამ მოთხოვნების დაყენება ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მოწოდებულები არიან პროვოკაციებისკენ', - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ე.ს გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ამის შესახებ დემონსტრანტებთან და ოპოზიციასთან ერთად საუბრობენ კონსტიტუციონალისტები, ასევე არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

რა არის გერმანული მოდელი, დეტალურად წაიკითხეთ აქ.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინ საღამოდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამით ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. დაპირება ივანიშვილმა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების და მომდევნო დღეების მასშატბური პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები