პროპორციული არჩევნები

კობახიძე ლომჯარიაზე: აბსოლუტურად გასცდა ომბუდსმენის არსს და მის უფლებამოსილების სფეროს

ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიას განცხადება გასცდა ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს და არსს. სახალხო დამცველმა 17 ნოემბერს დაწერა, რომ პარლამენტის პიკეტირება უკანონოა, თუმცა, ამაზე ქართული ოცნების ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. ნინო ლომჯარიას აზრით, პიკეტირებაზე უფრო დიდი უკანონობა ისა არის, "ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო".

"მე არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს, იმ მომენტში როდესაც აკეთებდა გაცხადებას ომბუდსმენი, მას დაავიწყდა, რომ უკვე ომბუდსმენია.

ის განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, ომბუდსმენის არსს" - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გუშინ პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ჩაკეტა. აქტივისტებმა 18 ნოემბერს დეპუტატები, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე მიდიოდნენ, პარლამენტში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ე.წ. "გერმანული მოდელით" ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით, დღეს შსს-მ ორი განცხადება გაავრცელა. უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები