პროპორციული არჩევნები

ვოლსკი: ყველაფერი ენმ-ის სცენარით იმართება, მათ უნდათ არეულობა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ქართულ ოცნებაში გამართული სხდომის შემდეგ ამბობს, რომ ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის სცენარით ვითარდება. 

"მათ უნდათ არეულობა, რევოლუცია, ისე უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, რომ საზოგადოება არ დაზიანდეს" - თქვა ვოლსკიმ. 

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას .

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის საზოგადოების მოსაზრებაზე, თითქოს ხელისუფლებამ კანონი იმიტომ ჩააგდო, რომ წაგების შეეშინდა, ვოლსკი აღნიშნავს:

"ეს ხალხი, ვინც ამას ამბობს, კბილებამდეშეირაღებული უსასტიკესი რეჟიმის მესვეურები იყვნენ, როცა არავის მაგ დროს არავითარი შიში არ გამოუხატავს, არც ჩვენ, არც საზოგადოებას. ჩვენ თუ რამეზე ვფიქრობთ, ეს არის ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეულად პოზიცია უპირისპირდება. 5000 ადამიანია გამოსული თუ 100 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებისათვის შრომა"- ამბობს გია ვოლსკი.  

ე.ს გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, ამის შესახებ დემონსტრანტებთან და ოპოზიციასთან ერთად საუბრობენ კონსტიტუციონალისტები, ასევე არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

რა არის გერმანული მოდელი, დეტალურად წაიკითხეთ აქ.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინ საღამოდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამით ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. დაპირება ივანიშვილმა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების და მომდევნო დღეების მასშატბური პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები