პროპორციული არჩევნები

ვოლსკი საელჩოების განცხადებაზე: "მათი მთავარი მოწოდებაა, საზოგადოებამ დაიცვას წესრიგი" 

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას გამოეხმაურა:

"შეშფოთებას გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, თქვენც რომ იყოთ ელჩი ნებისმიერ ქვეყანაში და უყურებდეთ მსგავს დაპირისპირებებს, იტყოდით, რომ ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ ისინი პირველ რიგში მოუწოდებენ ხალხს, რომ კანონი დაიცვან. ეს არის მათი მთავარი მოწოდება და ის ძალები, რომლებიც ამ დაპირისპირებას იწვევენ, ცდილობენ დაკარგონ ეს მოწოდება" - აღნიშნა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას მხარი დაუჭირეს და მთავრობას მისაღები გზის გადაუდებლად გამონახვისაკენ მოუწოდეს.

კომენტარები