პარლამენტის პიკეტირება

პოლიციამ აქტივისტებს პარლამენტის ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა

მთავარი არხი

პოლიციამ აქტივისტებს პარლამენტის ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა.

"30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად" - თქვა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

სამართალდამცველებმა დაიწყეს კარვების აღებაც.

აქტივისტები საპასუხოდ სკანდირებენ: სირცხვილია.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და ასობით სეპცრაზმელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, პროტესტი პარლამენტთან გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

ასევე, ქართული ოცნების წევრებმაც თქვეს, რომ სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინ საღამოდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამით ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. დაპირება ივანიშვილმა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების და მომდევნო დღეების მასშატბური პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები