საპროტესტო აქცია პარლამენტთან

კეკელიძე: აქციის დაშლისას დაშავებულებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღიაა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლისას დაზიანებულებისათვის ან მათვის, ვისაც თავის შეფარება სურს ბიბლიოთეკის კარი ღიაა:

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის."

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.

 

კომენტარები