აქციის დაშლა

პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას შსს-მ 18 პირი დააკავა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან აქციის დაშლისას 18 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზუკა ბერძენიშვილი და გიგა შაქარაშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, გირჩის წევრები ზურაბ ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი, ასევე, 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი. 

"საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები" - აცხადებს შსს.

კომენტარები