აქციის დაშლა

აქტივისტები: სპეცრაზმმა მანქანაში ჩაგვკეტა, ჩვენს შორის ორი არასრულწლოვანი იყო

აქტივისტების ინფორმაციით, დემონსტრაციის მონაწილე რამდენიმე ადამიანი სპეცრაზმს ერთი ან მეტი საათის განმავლობაში მანქანაში ყავდა ჩაკეტილი, მათ შორის იყო ორი არასრულწლოვანი.

როგორც თავად ყვებიან, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ, საბოლოოდ კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც სხვა აქტივისტებმა მანქანის კარი გაუღეს. ჟურნალისტების თანდასწრებით პოლიციამ მათ უთხრა, რომ თავისუფალნი არიან და წასვლა შეუძლიათ.

"ვისხედით ასფალტზე, მშვიდობიანი პროტესტი გვქონდა, უცბად მოგვარდა სეცრაზმი, წამიყვანეს, აღმოვჩნდი მანქანაში, სადაც პანტაპუნტით ჩამოყარეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, ერთი თუ ორი საათი ვიყავით ამ მანქანაში. არაფერს გვეუბნებოდნენ. როდესაც აქ მოგვიყვანეს, გვეუბნებოდნენ, მალე შეგიყვანთო, მე ხმა მივაწვდინე მეგობრებს და მათ სცადეს ჩვენი გამოშვება, კარები გახსნეს", - ამბობს ერთერთი დაკავებული აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი.

"ახლა გვეუბნებიან, დაკავებულებიც არ ხართ, სახლში წადითო, ჯერ ჩაგვტენეს სამარშრუტო ტაქსიში, მერე კარს არ გვიღებდნენ, უჰაერობაში ვიყავით, უხეშად გვექცეოდნენ, მერე გვეუბნებოდნენ, მალე მოვლენ პოლიციელები და შენობაში შეგიყვანენო, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე დაკავებულებიც არ ვყოფილვართ", - ამბობს შემთხვევის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი კაპანაძე.

პოლიციაში იმყოფებოდა ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელიც ამბობს, რომ აქტივისტების გატაცება სურდათ:

"იყვნენ მარშრუტკაში გამომწყვდეული, როდესაც მივედი მათ სანახავად, მითხრეს, რომ იქ არიან, მარშრუტკაში ჩახტა მძღოლი და უნდოდა მათი გატაცება, უბრალოდ გადავუდექი და კარი გამოვაღე, როცა გამოვაღე და გადმოვიდნენ, ახლა ეუბნებიან, თავისუფალი ხარ, წადიო რას ნიშნავს თავისუფალი ხარ?. ოთხი ადამიანია, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. რის საფუძველზე ყავდათ იქ ერთი საათი და სად მიყავდათ?" - ამბობს ხოშტარია.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციაზე სულ 18 ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა მეტია.

 

კომენტარები