აქციის დაშლა

"აზრისა და გამოხატვის უფლება იზღუდება" - ფრესკო ერთი დღით არ იმუშავებს

ფრესკო

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო პროტესტის ნიშნად 19 ნოემბერს არ იმუშავებს - ამის შესახებ მათ განცხადება გამოაქვეყნეს.

"ძვირფასო მომხმარებლებო,

მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში - ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება ფრესკოს ყველა სუპერმარკეტი. ეს არ არის მოწოდებითი განცხადება. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრესკოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი სრულად მიიღებს ამ დღის, 19 ნოემბრის შრომის ანაზღაურებას", - წერია განცხადებაში.

დღეს, დაახლოებით 5 საათისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველები პარლამენტის ოთხივე შესასვლელთან განლაგდნენ და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. 

კომენტარები