IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 77% თვლის, რომ კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია საქართველოსადმი

0 კომენტარი
გამყოფი ხაზი ფოტო: AFP

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალ კვლევაში, რომელიც 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის რუსეთისადმი არსებული განწყობებიც შეამოწმა. 

კვლევის მიხედვით, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მოსახლეობის 48% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ. რუსეთთან დიალოგის გაღრმავების წინააღმდეგი 12%-ია, ნაწილობრივ წინააღმდეგი კი - 9%. 

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებამდე ჩატარებულ კვლევაში რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მხარს 46% უჭერდა. 

ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2010 წლის ოქტომბერში იყო და 84%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ყოველ მომდევნო კვლევაში მაჩვენელი ნელნელა იკლებდა, თუმცა 2012 წლის ნოემბერში კვლავ საგრძნობლად გაიზარდა და მაშინ 83% შეადგინდა. 2012 წლის ნოემბრის შემდეგ, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მაჩვენებელი კლებადია. 

კითხვაზე, როგორ აფასებენ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას, 24% ამბობს, რომ ძალიან უარყოფითად, 32% - ნაწილობრივ უარყოფითად, 7% დადებითად აფასებს, ხოლო 27% - ნაწილობრივ დადებითად. 

შეკითხვაზე "საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობის ფონზე, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში ცხოვრებისას?" 11% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, 33% ნაწილობრივ დაუცველად, 16% ძალიან დაცულად გრძნობს თავს, ხოლო 36% - მეტნაკლებად დაცულად. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსადმი კვლავ გრძელდება. ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

15% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულებულია, თუმცა შეიძლება, განახლდეს, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ დასრულებულია. 

შეკითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი?", 27% პასუხობს, რომ მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. 

მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, 12% კი მიიჩნევს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობები.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები