პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე: IRI-ის კვლევამ დასვა საბოლოო წერტილი დისკუსიაზე, თუ რატომ ჩავარდა პროპორციული

"ამ კვლევაში ჩანს 3 ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა - 78% მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მეორე, ქართული ოცნების რეიტინგი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ოპოზიციის ჯამური რეიტინგი და მესამე შედეგი - ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილებაა ეკონომიკური პრობლემებით, გაჭირვებით, მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებით და ქვეყნის არასწორი განვითარებით", - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაზე.

ბაქრაძის შეფასებით, აღნიშნული სამი ფაქტორი ააშკარავებს, თუ რატომ ჩავარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი.

"იმიტომ, რომ, ამ კვლევის მიხედვით, ნებისმიერ სამართლიან სისტემაში ქართული ოცნება დამარცხდება. ამ კვლევამ დასვა დღეს საბოლოო წერტილი დისკუსიაზე, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა წინა კვირაში და ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა ტენდენცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში. მზარდი გაჭირვების, პრობლემების, დაპირებების და არაპოპულარული მთავრობის ფონზე მოსახლეობას ცვლილებები სჭირდება", - ამბობს ბაქრაძე.

IRI-ის კვლევისვე მიხედვით, მოსახლეობის 68%-ს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ სმენია, მათგან 78% მას მხარს უჭერს. ხოლო, კითხვაზე მომვალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციურ პარტიებს კი - ჯამურად 41.

20-21 ივნისის ღამის მოვლენების და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა.

თუმცა, 14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ინიციატივა ჩავარდა.

საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა. 18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.

დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას სთხოვენ.

კომენტარები