აქციის დაშლა

აქციის დაშლისას დაკავებულთა სასამართლო პროცესი 17:00-მდე გადაიდო

ტაბულა

18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს, 17:00 საათამდე გადაიდო. სხდომის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ადვოკატმა გიგა ონიანმა დააყენა. 

მისი თქმით, მათ ვერ მოასწრეს 37-ვე დაკავებული პირის დაკითხვა, შესაბამისად სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს. 

"მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაკითხია მოწმეები, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ არის საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად"- აღნიშნა ონიანმა. 

სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობდა ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი. 

აქციაზე დაკავებული 6 პირის სხდომა საქალაქო სასამართლოში დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის შეჩერებულია. 

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ირაკლი კაჭარავამ პროცესზე განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით

კომენტარები