აშშ

წარმომადგენელთა პალატა იძიებს იცრუა თუ არა ტრამპმა მალერის სპეციალური გამოძიების ფარგლებში

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Politico

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა იძიებს იცრუა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების ფარგლებში.

მათ სპეციალური გამოძიების დოკუმენტები გამოითხოვეს.

კონკრეტულად ისინი WikiLeaks-თან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებით არიან დაინტერესებული.

კონგრესმა სპეციალური გამოძიების ანგარიში სრულად მიიღო, მათ შორის რედაქტირებული ნაწილები, რომლებიც არ გასაჯაროებულა, თუმცა მათ ამ დრომდე არ აქვთ წვდომა გარკვეულ დოკუმენტებზე.

მათ ამ დოკუმენტების გაცნობის უფლება სასამართლომ გასულ თვეს მისცა, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება გააპროტესტა.

დონალდ ტრამპს მალერის გამოძიების ფარგლებში ჩვენება არ მიუცია, თუმცა წერილობითი პასუხი გასცა გამოძიების შეკითხვების ნაწილს.

კონგრესის წინაშე გამოსვლისას მალერს ჰკითხეს შეიცავდა თუ არა ტრამპის წერილი ნიშნებს, რომ ის ყოველთვის სიმართლეს არ ამბობდა რაზეც მან უპასუხა "ზოგადად ვიტყოდი რომ კი".

კანონმდებლების ნაწილს მიაჩნია, რომ ტრამპმა WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მოპარულ დოკუმენტებზე, მათ შორის დემოკრატიული პარტიის ელექტრონულ წერილებზე ინფორმაციის ფლობის შესახებ მოიტყუა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიასა და WikiLeaks-ს შორის კავშირების თაობაზე არ იცოდა და ეს საკითხი როჯერ სტოუნთან არ განუხილავს.

ბრალდების საფუძვლად ტრამპის მრჩევლის, როჯერ სტოუნის დაკავება იქცა. სტოუნი კონგრესის წინაშე WikiLeaks-თან კავშირების თაობაზე სიცრუის გამო დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირზე 

სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა 2-წლიანი გამოძიება ჩაატარა და ვრცელი ანგარიში მოამზადა. გამოძიებამ გამოავლინა 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობები, თუმცა ტრამპის კამპანიის უცხო აგენტებთან პირდაპირი და გამიზნული კავშირი ვერ დაადგინა.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორის ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

თავად მალერმა კონგრესში მოსმენისას თქვა, რომ გამოძიების ანგარიშში დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლის ნაწილში გამართლებული არ არის, როგორც ამას თავად ტრამპი ირწმუნება.

გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების და იმპიჩმენტის პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები