აქციის დაშლა

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული კიდევ 6 აქტივისტის სასამართლო ერთი საათით გადაიდო

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული 6 აქტივისტის ადმინისტრაციული პროცესი ერთი საათით გადაიდო. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებების წარსადგენად მისცა დრო. დაცვის მხარე ამბობს, რომ ვალერიანე ფილიშვილი მათი პოზიციით არ დაინტერესებულა. ადვოკატები სხდომის ისევ დღეს ჩანიშვნას საქმის გაჭიანურებად მიიჩნევენ.

მოსამართლე ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურის, გურამ მჭედლიშვილის, ელგუჯა ბაგრატიონის და ლუკა ჭიჭინაძის საქმეს განიხილავდა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე პროცესზე დაკავებულებმა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის თქმით, ვინაიდან დაკავებული სხვა 6 აქტივისტის საქმესაც იგივე მოსამართლე განიხილავს და ამასთან, საქმის გაჭიანურებას ცდილობს, მიზანშეწონილი იქნება, ეს საქმე სხვა მოსამართლემ განსაჯოს.

თუმცა, მოსამართლე ფილიშვილმა შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ლუკა ჭიჭინაძემ თქვა, რომ მისი დაკავების პროცესში პოლიციამ ძალას გადაამეტა, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზუკა ბერძენიშვილის თქმით კი, სამართალდაცველებმა ძალას მისი დაკავების დროსაც გადაამეტეს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო. ბექა ბასილაია აღნიშნავს, რომ საქმის სამართლიანად განხილვის იმედი არ აქვს და დაკავებულებისთვის 15-დღიანი პატიმრობის შეფარდება წინასწარ არის გადაწყვეტილი.

შსს დაკავებულებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 6 მონაწილის სასამართლო პროცესი დღეს დილით იყო ჩანიშნული, თუმცა 17:00 საათამდე გადაიდო. ამ დროისთვის სხდომა არ განახლებულა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 დემონსტრანტი დააკავეს. 

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები