გაფრინდაშვილის შვილი: ომის დროს ღუდუშაურში მკურნალობდა ყველას - ქართველებს, ოსებს, რუსებს

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი სიცრუეს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

"ეს არის ტყუილი. 2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს" - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 10 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. 18 ნოემბერს, ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა.

კომენტარები