თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ რვა აქტივისტის პროცესი დაიწყო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ამჯერად ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, გოჩა მჟავანაძის, ნოე ლაშხის, დავით ბერუაშვილის, რევაზ ნიჟარაძის და პაატა მანჯგალაძის საქმეებს განიხილავს.
დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას ითხოვს, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოსამართლეს აწერია 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული ყველა პირის საქმე. მან უკვე გადადო ორი პროცესი, სადაც დაკავებული ექვს-ექვსი აქტივისტის ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა.
წესით, ორივე პროცესი ამ დროისთვის განახლებული უნდა იყოს, თუმცა, მოსამართლემ სხვა აქტივისტების პროცესი ჩანიშნა.
18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.
პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.