პროპორციული არჩევნები

მოსამართლემ აქციის დაშლისას დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი 2 სათით გადადო

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული რვა აქტივისტის საქმეც გადადო. მას კიდევ ექვს-ექვსი აქტივისტის ორი სხვა პროცესი აქვს გადადებული. ორივე სხდომა რამდენიმე საათის წინ უნდა განახლებულიყო. 

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები