პროპორციული არჩევნები

უგულავა: 25 ნოემბრის მიტინგამდე, აუცილებელია პატარა აქციებიც, დღე არ იქნება ჩავარდნილი

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ქართულ ოცნებას მუშაობის ანუ ხალხის მოტყუების საშუალება. ამის შესახებ უგულავამ პარლამენტთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოპოზიციის სამოქმედო გეგმით, ისინი უახლოესი დღეების მანძილზე ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას მოახდენენ, ხოლო 25 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

"საკითხი დგას მარტივად, ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს ხალხის მოტყუების საშუალება. ანუ ამ ვითომ მუშაობის შესაძლებლობა. ვითომ მუშაობის საშუალება არ უნდა ჰქონდეს პარლამენტს, მთავრობას და ყველა იმ უწყებას, რომელიც მუქთახორობით არის დაკავებული.

აქციების პროცესში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პიკეტირება და რადიკალური ბლოკირება იმ ობიექტების, რომლებიც ხალხისთვის სერვისს ახორციელებენ.  მაგალითად, ჩვენ არასდროს არ უნდა გავაკეთოთ პიკეტი იუსტიციის სახლის, იმიტომ, რომ ის ხალხს ემსახურება, მაგრამ პარლამენტი ხალხს არ ემსახურება. აქ არანაირი სერვისი არ ხორციელდება. კანცელარიაში არანაირი სერვისი არ ხორციელდება. იქ შეიკრიბებიან პატიოსანი გვამები და საუბრობენ იმაზე, რაც არ აინტერესებს ხალხს, აკეთებენ იმას, რაც ხალხის საწინააღმდეგოა და საბოლოო ჯამში, თავს გვაჩვენებენ, რომ მუშაობენ“, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, აუცილებელია პატარ-პატარა აქციები.

"მაგალითად, გადაწყვიტა ივანიშვილმა, მივიდეს რაღაც მათივე მოგონილ სულელურ ღონისძიებაზე, დავხვდებით იქ და კანონის ფარგლებში არ მივცემთ მათ ამ ყალბი ზეიმის უფლებას" - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა აქვს ცალკე ევროპულ საქართველოსაც. კერძოდ, მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს რეგიონებში, არ მისცენ მუშაობის საშუალება არც მაჟორიტარ დეპუტატებს,

"არ იქნება დღე ჩავარდნილი, ეს გეგმა არის გაწერილი, მაგრამ პორცია-პორციად უნდა ვახმოვანოთ იმისდა მიხედვით, სიტუაცია როგორ ცვლილებებს გვიკარნახებს" - თქვა უგულავამ.

პროტესტი პარლამენტის წინ მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. თითქმის ერთი კვირაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს და გუშინ აქცია მაინც გაიმართა.

კომენტარები