პროპორციული არჩევნები

ბოკერია: მოდით 25 ნოემბრის აქციაზე, ეს ქვეყნის და საზოგადოების თავმოყვარეობის მხარდაჭერაა

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას თქმით, 25 ნოემბრის აქცია იქნება არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის და საზოგადოების თავმოყვარეობის მხარდაჭერა. ბოკერიამ სამოქმედო გეგმის შესახებ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ 25 ნოემბერს, 19:00-ზე, ოპოზიცია შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით შეუერთდება პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების აქციას.

"იქ ვრჩებით. სამშაბათს იმართება პირველი სხდომა ივანიშვილის სტანდარტითაც კი ყველაზე დიდი შეურაცხყოფის შემდეგ. და ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ პოლიტიკურ კლოუნებს და მის ყმებს, რომ ჩატარდეს სხდომა. იქნება ისევ პიკეტირება და ყველას ვთხოვთ, მოვიდეს.

ეს არ არის რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ეს არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების თავმოყვარეობის, თავისუფლების და ჩვენი შანსის, რომ წავიდეთ იმ მიმართულებით, რაც გვინდა ყველას, საერთოდ ყველას, ვისაც არ მოსწონს ნიკა [მელია], [ვისაც არ მოვწონვარ] მე, მაგის მიუხედავად გვჭირდება, რომ არავის დღეს, ხვალ, არ გაუვიდეს საზოგადოების ასეთი დამცირება" - თქვა გიგა ბოკერიამ.

პროტესტი პარლამენტის წინ მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. თითქმის ერთი კვირაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, 18 და 19 ნოემბერს აქციები მაინც გაიმართა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები