ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ბრიტანეთის საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ჩინეთში აწამეს

საიმონ ჩენგი
SIMON CHENG

ჰონგ-კონგში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს ყოფილმა თანამშრომელმა საიმონ ჩენგმა BBC-სთან საუბარში თქვა, რომ ჩინეთში ჰონგ-კონგში პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს და აწამეს.

ჩენგი ჰონგ-კონგის მოქალაქეა და ბრიტანეთის საკონსულოში 2 წელი მუშაობდა. ის აგვისტოში ჩინეთში ვიზიტისას დააკავეს და 15 დღის განმავლობაში არ გაუთავისუფლებიათ.

"მე ბორკილები დამადეს და თვალები ამიხვიეს. მათ მითხრეს, რომ საიდუმლო სამსახურისათვის მუშაობდნენ და ადამიანის უფლებები არ არსებობდა, შემდეგ კი წამება დაიწყეს." ყვება 29 წლის ჩენგი. წამების მეთოდებში შედიოდა ბორკილებით დაკიდება, ცემა, ძილის აკრძალვა. ჩენგი ასევე ყვება, რომ მას ჩინეთის ჰიმნის სიმღერას აიძულებდნენ, რათა არ ჩასძინებოდა.

ჩენგი ასევე ყვება, რომ მასთან ერთად სხვა ჰონგ-კონგელებიც იყვნენ დაკავებული.

მისი ინტერვიუს შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ჩინეთის ელჩი დაიბარა.

"ჩვენ აღშფოთებულები ვართ იმ შუერაცხმყოფელი მოპყრობით, რისი გადატანაც საიმონ ჩენგს მოუხდა დაკავებისას. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ გვსურს ჩინეთის მთავრობამ შეისწავლოს ეს საკითხი და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები." თქვა რააბმა.

საკონსულოში მუშაობის პერიოდში ჩენგის მთავარი მოვალეობა შოტლანდიაში ჩინური ინვესტიციების მიზიდვა იყო, თუმცა ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ კოლეგების თანხმობით ის დემოკრატიის მომხრეთა ჯგუფებში გაწევრიანდა და საპროტესტო აქციებს აკვირდებოდა.

8 აგვისტოს ჩინეთში ის ბიზნეს კონფერენციაზე გაგზავნეს. დაბრუნებისას კი დააკავეს და შენჯენში გაგზავნეს. ჩენგის თქმით კითხვები, რასაც მას დაკავების პერიოდში უსვამდნენ სწორედ საპროტესტო აქციებს და მის მონაწილეობას შეეხებოდა. მისი თქმით აიძულეს ეღიარებინა, რომ დაძაბულობას ბრიტანეთის დავალებით აღვივებდა. მისი ტელეფონიდან მოიპარეს გზავნილები და საკონსულოსათვის გაგზავნილი ანგარიშები. საბოლოოდ ჩენგს ორი ვიდეო აღიარება ჩააწერინეს. ერთში ის "სამშობლოს ღალატს აღიარებს" მეორეში კი "სექს მუშაკთან ურთიერთობას". სწორედ ეს ბრალდება გამოაცხადა ჩინურმა მედიამ ჩენგის დაკავების ოფიციალურ მიზეზად.

ჩენგი იხსენებს, რომ მის მიმართ მოპყრობა მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საერთაშორისო მედიაში მისი გაუჩინარების შესახებ დაიწერა. გათავისუფლებისას კი ის გააფრთხილეს, რომ თუ მედიასთან ისაუბრებდა კვლავ ჩინეთში დააბრუნებდნენ.

უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მას საკონსულოში დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა მოუხდა. ბრიტანეთმა ჩენგს ორწლიანი სამუშაო ვიზა მისცა. ის ამბობს, რომ ჰონგ-კონგში დაბრუნების ეშინია და თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში მეექვსე თვეა გრძელდება. მთავრობის განცხადების მიხედვით აქციების გამო ორშაბათიდან სკოლები კვლავ დაიკეტება.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველად, შაბათს ჰონგ-კონგის ქუჩებში ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია გამოჩნდა. მათ ქუჩები ბარიკადებისაგან გაათავისუფლეს, თუმცა მათმა გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

კომენტარები