ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

ზალკალიანი გაფრინდაშვილზე: ჟენევის თანათავმჯდომარეებს ვთხოვე გამოიყენონ ყველა საშუალება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ შეხვედრის მთავარი თემა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება იყო.

დავით ზალკალიანის თქმით, თანათავმჯდომარეებს სთხოვა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის.

"განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით", - თქვა მინისტრმა.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობა.

"განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება", - თქვა დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ღონეს გამოიყენებენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე დაძაბულობის განმუხტვისა და შექმნილი ვითარების გადაჭრისათვის.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 9 ნოემბერს გაიტაცეს და "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

კომენტარები